რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან, ვალერი კვარაცხელიასთან და "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორთან, სოსო ოზაშვილთან ერთად დედოფლისწყაროში მრვალპროფილური კლინიკის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
დედოფლისწყაროში მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა 2014 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო. პროექტი ერთსართულიანი, თანამედროვე დიზაინის შენობის მშენებლობასა და ეზოს კეთილმოწყობას ითვალისწინებს. ახალი შენობა ძველ საავადმყოფოს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ ეტაპზე ფაქტობრივად, ამორტიზებულია. სტაციონარში ერთდროულად 25 პაციენტის განთავსება იქნება შესაძლებელი. კლინიკა დედოფლისწყაროსა და ირგვლივ მდებარე 16 სოფლის, ჯამში, 32.531 მაცხოვრებელს მოემსახურება. ახალი მრავალპროფილური სტაციონარი საერთაშორისო სტანდარტების მქონე უახლესი ტექნიკით აღიჭურვება და პაციენტებს მრავალმხრივ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. მშენებლობის დასრულება ერთ წელიწადში იგეგმება.
პროექტი სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მლნ 700 ათას ლარს შეადგენს. პროექტზე, ამ ეტაპზე 20-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.