"ეს ჩანაწერი შინაგან საქმეთა სამინისტროში ვანო მერაბიშვილის დროიდან ინახება. მინდა ვთქვა, რომ მერაბიშვილი მე არ მისმენდა. ის უსმენდა ოქრუაშვილს ამერიკელების მეშვეობით," _ ამის შესახებ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ გადაცემა "არჩევანში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
საუბარია აუდიო ჩანაწერზე, რომელშიც ხაბურძანია და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის გზებს განიხილავენ.
უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ჩანაწერის აუთენტურობა, ფაქტობრივად, დაადასტურა.
"ქართველებს საერთოდ, ტრაბახი და ბაქი-ბუქი გვახასიათებს, როდესაც ერთმანეთთან თავიანთი მნიშვნელობის წარმოჩენას ცდილობენ, ეს მეტ-ნაკლებად მეც მახასიათებს, უფრო მეტად სხვებს და ა.შ. მე ბევრი მინახავს ეს მოსკოვში … თუ მოისმენთ, ჩემი ბაქიბუქი იქ ნაკლებია, მე არაფერს არ ვბაქიბუქობ. მე, რა თქმა უნდა, მაქვს გარკვეული ურთიერთობები ჩემს ყოფილ მეგობრებთან, რომლებიც ახლა სპეც სამსახურში არ მუშაობენ, ბევრი მათგანი პენსიაშია და ა.შ." _ თქვა ხაბურძანიამ მოსკოვიდან პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
აუდიო მასალა, რომელიც სავარაუდოდ, მოსკოვში, 2011 წლის შემოდგომის პერიოდით თარიღდება, მას შემდეგ არის ჩაწერილი, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა. მასალებიდან, რომელიც გაზეთმა "ქრონიკა +" გაავრცელა, ჩანს, რომ ჩანაწერში ძირითადად 2 პირი ფიგურირებს – თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც აღნიშნულ დრო იძებნებოდა და შესაბამისად, საქართველოში ვერ ჩამოდიოდა და უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია. ჩანაწერში ჩანს, რომ ისინი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის გზებს განიხილავენ.
აუდიო მასალა მოსახლეობის ფართო ნაწილისთვის ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გადაცემამ "არჩევანი" გახადა.
ჩანაწერების აუთენტურობა დადასტურებული არაა. თუმცა, ვალერი ხაბურძანიამ მოსკოვიდან გადაცემაში ჩართვისას ფაქტობრივად, ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურა.