რამდენიმე წუთში "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება, სადაც იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, ირინა საჯაიამ საკრებულო დატოვა.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით საჯაია პარტიის ხელმძღვანელობამ არჩევანის წინაშე დააყენა _ ან საკრებულოს დატოვებდა, ან პარტიას. წყარო ამბობს, რომ საჯაიამ არჩევანი პარტიის სასარგებლოდ გააკეთა.
ჩვენი წყაროს თქმით, აღნიშნული მოთხოვნა პარტიის ხელმძღანელობამ ირინა საჯაიას გუშინდელი გადაწყვეტილების გამო წაუყენა.
საქმე ეხება ქალაქ ოზურგეთს მერის ბეგლარ სიორიძის ინიციატივას, მიეცეს საკრებულოს თანხმობა, პირდაპირი განკარგვის წესით გაასხვისოს ქონება ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე, რაც გუშინ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ დაამტკიცა კიდეც (საკრებულომ აღნიშნული საკითხი ერთი კვირის წინ არ დაამტკიცა. მაშინ ამ საკითხის წინააღმდეგ დეპუტატები _ ნინო ტაბატაძე და ირინა საჯაიაც წავიდნენ, თუმცა, გუშინ, ორივე მათგანმა მერის ინიციატივას მხარი დაიჭირეს).
საკრებულოს დეპუტატები მიიჩნევენ, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება დეპუტატებმა ზეწოლის შედეგად მიიღეს.
ტაბატაძემ და საჯაიამ ზეწოლა გამორიცხეს და აღნიშნეს, რომ გადაწყვეტლება დამოუკიდებლად მიიღეს. მაგრამ სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა მიზეზი იმისა, რომ საჯაიამ საკრებულო დატოვა.
თავად საჯაია სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, შესაბამისად უცნობია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" გვითხრეს, ამ საკითხზე განმარტებები ბრიფინგზე გაკეთდება.