"ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ასკურავა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან ანგარიშს მოითხოვს ლანჩხუთში ჩატარებულ საჯარო მოხელეთა საატესტაციო-საკვალიფიკაციო კონკურსთან დაკავშირებით.
"მართლაც საოცარი რამ ხდება ლანჩხუთში. იმ ადამიანებმა, ვინაც კონკურსზე დაწესებული მინიმალური ზღვარიც ვერ გადალახა, ზოგს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ხელშეკრულებას უგრძელებს, ზოგსაც ა(ა)ი პ-ებში ასაქმებს. უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შემიძლია. აი თუნდაც, ყოფილმა გამგებლის წარმომადგენელმა სუფსის ადმინისტრაციაში, ბესიკ კუპრაძემ მართალია კონკურსის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა იგი "სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრში" აღმოსავლეთ ზონის კურატორად დანიშნეს. ძალიან ბევრი მსგავსი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი.
ვთვლი, რომ კადრების შერჩევა პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა. წარმოდგენა არ მაქვს პიროვნულად რას წარმოადგენს შუხუთის ადმინისტრაციაში გამგებლის წარმომადგენლის პოსტზე დანიშნული მოვალეობის შემსრულებელი და მასთან პიროვნულად არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მითხრან რატომ დაინიშნა ის, როცა კონკურსში საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა, ხოლო ოფსაიდში დარჩნენ ისინი, ვინაც კონკურსშიც მონაწილეობდნენ და ქულებიც მაღალი მიიღეს. იგივე ითქმის აკეთზეც.
თუ არა პოლიტიკური ნიშანი, მაშინ რა კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა და რატომ არ დაასაქმეს ზაზა ქავზინაძე, რომელიც უმუშევრობის გამო დღეს ისეთ მდგომარეობაშია, საერთოდ არ აინტერესებს არანაირი პოლიტიკა.
მე ვითხოვ პასუხს, რატომ არავინ შეეხმიანა იმ ადამიანებს და არ შესთავაზა სადმე ვაკანტური ადგილი, ვინაც კონკურსზე მაღალი შეფასება მიიღეს, თუმცა ახლა სახლში არიან უმუშევრად დარჩენილები. ბარიერგადაულახავებს კი გარე სამსახურებში ტენიან", -აცხადებს ასკურავა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც კონკურსის მიმდინარეობისას საკრებულოში კომისიას ხელმძღვანელობდა, ასკურავას რჩევას აძლევს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე შევიდეს:
"იქ გვიდევს ყველა ინფორმაცია და ნახე. ისე რა არაობიექტურობაზე საუბრობთ, დამისახელეთ თუნდაც ერთი ფაქტი, ვინაც გაასაჩივრა კომისიის მიერ დადებული შედეგი".
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის პოზიციას, მისთვისაც აბსოლუტურად გაუგებარია ასკურავას ეჭვები და აღნიშნავს, რომ კონკურსი გამჭირვალედ და ობიექტურად ჩატარდა.