დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პირველი საკითხის ირგვლივ, საფინანსო განყოფილების გამგემ, გია მამაკაიშვილმა ისაუბრა:
"ჩვენი სხდომა მეტად სასიამოვნო ინფორმაციით უნდა დავიწყო. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის N 39 ბრძანების განკარგულებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 990 996 ლარი. აქედან საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით განკუთვნილია 219 700 ლარი, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად 1 771296 ლარი.
ესაა ძალიან სასიხარულო ინფორმაცია, ბიუროს სხდომაზე წინასწარ განვიხილეთ, რომელი პროექტები და სამუშაოები უნდა შესრულდეს ამ თანხით. კონკრეტიკა თუ გაინტერესებთ, წარმოგიდგენთ", _ განაცხადა მამაკაიშვილმა.
დეპუტატების თხოვნაზე, ყველა არ იყო ბიუროს სხდომაზე და კარგია, თუ წარმოადგენთო, გია მამაკაიშვილი დაეთანხმა და განმარტა, რომ შესასრულებელი სამუშაოებიდან ზოგი ადრეა დაწყებული და ეტაპით გადმოსულია ამ წელში.
"განსახორციელებელ სამუშაოებში კი შედის სილაურის ადმინისტრაციული შენობის შეკეთება, ოზურგეთი_შემოქმედი-გომისმთის გზის მშენებლობის მომდევნო ეტაპი, კურორტ გომისმთის წყალსადენი მაგისტრალი.
მელექედური-დვაბზუს და ასკანა-ბახვის საავტომობილო გზა. საბავშვო ბაღების ევროსტანდარტით მშენებლობა კი განხორციელდება სოფლებში: ჭანიეთში, ქვედა ბახვში და ბაღდადში; ასეთი სულ 12 უმნიშვნელოვანესი პროექტი იქნება", _ თქვა მან.