თბილისის პრობაციის ბიუროს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობის გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე კახა კახიშვილი და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი დაესწრნენ.
რეკონსტრუქციის შედეგად ალ. ყაზბეგის გამზირის N 42-ში მდებარე ოფისში პირობით მსჯავრდებულთათვის მოეწყო თანამედროვე ტიპის სარეგისტრაციო სივრცე, ინდივიდუალური გასაუბრებისა და ჯგუფური თერაპიის ოთახები, პრობაციის ოფიცრების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგის კაბინეტები, ასევე, ვიდეოპაემნის სერვისი. ახალ ოფისში ყველა პირობაა შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. თბილისის პრობაციის ბიურო 5529 პირობით მსჯავრდებულს მოემსახურება.
როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, განახლებული ინფრასტუქტურა და სამუშაო პირობების საგრძნობლად გაუმჯობესება თბილისის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებს დაეხმარება მათ წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით გადაჭრაში, პრობაციონერთათვის ცხოვრებისეული პერსპექტივის შექმნასა და ახალი უნარ-ჩვევების შეძენაში.
ინფრასტრუქტურის განვითარება პრობაციის სისტემის რეფორმის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. ბოლო პერიოდში, განახლებული ოფისები თბილისის გარდა გაიხსნა თელავში, ტყიბულში, ზესტაფონში, ხულოსა და შუახევში.