წელს გურიაში ზედმეტად თბილი და უჩვეულო ზამთარია. ხშირად ჰაერის ტემპერატურა 20-24 გრადუსსაც აღწევს. აყვავებულ შინდსა და ტყემალს შიშის ნატამალი არ ეტყობა. სამაგიეროდ, დამფრთხალი არიან გლეხები. მოსახლეობის დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ წელს მოსავალი აღარ იქნება, ნაადრევად აყვავებულ ხეხილს თუ ვაზს მარტის ყინვა აუცილებლად დააზრობს და თუ შარშან ვაზის მოსავალი მთელ გურიაში არ იყო, წელს უარესია მოსალოდნელი.
წინასწარ დარდსა და უიმედობას, სჯობს მოვემზადოთ. მარტის ბოლოსთვის ჩვეულ წაყინვებს შეხრჩოლების მეთოდით უნდა შევეწინააღმდეგოთ. თუ მიწაზე თოვლი დევს, ამ შემთხვევაში უძლურები ვართ. სხვა შემთხვევაში კი, როგორც, ძირითადად, მარტის ბოლოს იჩენს ხოლმე ყინვა თავს, შეხრჩოლება ასეთი წესით უნდა მოვახდინოთ: თივის, ხმელი ფოთლების, სხვა მცენარეული ნარჩენების და ძველი საბურავების თავმოყრა და თანაბრად განაწილება მოვახდინოთ იმ ფართობებში, სადაც ვაზი თუ ხეხილოვანი ნარგავები გვაქვს. ყინვის პერიოდში, საღამოს უნდა მოვუკიდოთ მბჟუტავი ცეცხლი, ისე, რომ კვამლმა ხელოვნური ნისლი წარმოშვას. ასეთი ხერხით, ორი-სამი დღის მანძილზე, ადვილი შესაძლებელია, კვირტში გამოსული მცენარეები გადავარჩინოთ.
_ იმის ვარაუდიც შეიძლება, რომ ასე თბილი ზამთარი საგაზაფხულო ყინვებმა არ ჩაანაცვლოს, _ ამბობენ გურულები და ყველაზე ძალიან მაინც თხილის პლანტაციების ყინვისგან წინასწარ დაცვას ცდილობენ.