საქართველოს პრეზიდენტმა " თავისუფალი დემოკრატების" პოზიცია გაიზიარა და რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობაა. გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რიგგარეშე სხდომაზე მოწვეული უნდა იყვნენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
მთავრობის წევრებს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ჯერ არ შეუფასებიათ. შესაბამისსად უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეკონომიკური გუნდის მინისტრები.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით "მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები, უცხოეთში ინვესტიციების მოსაზიდად არიან წასულები"
_ ძალიან კომპლექსური მუშაობის საჭიროებაა იმისთვის, რომ ძირითადად რეგიონული ვითარებით და რეგიონული პრობლემებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები საქართველოში, რაც შეიძლება ნაკლებ იყოს მოსახლეობის მიერ პრობლემად აღქმული.
მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები, უცხოეთში ინვესტიციების მოსაზიდად არიან წასულები, რაც პირველი გამოსავალია ამ ვითარებიდან. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გადაწყვეტილი აქვს, რომ კვირის ბოლოს, ხუთშაბათს ან პარასკევს, იქიდან გამომდინარე, თუ როდის მოიყრიან ისინი თავს საქართველოში, შედგება კომიტეტის სხდომა, რომელზეც გაწეული სამუშაოს შესახებ მინისტრების ანგარიშს და იმ გეგმების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, რაც მთავრობის მიერ, ამ თვალსაზრისით არის დაგეგმილი.
პარლამენტი ჩართულია ამ პროცესში, ვაგრძელებთ მუშაობას.
ოპოზიციის როლია, გასწიოს ოპონირება ამა თუ იმ საკითხში. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენი გადაწყვეტილებაა ვაკეთოთ საქმე და ამ საქმის თაობაზე უკეთ მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას. პარლამენტში ამ თემაზე მოსმენები შედგება, საკომიტეტო სხდომა ჩატარდება, რომელიც არის ღია, სადაც ყველას შეუძლია დასწრება და პოზიციების გამოთქმა. ჩვენ ვთვლით, რომ პარლამენტიც და მთავრობაც უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულები ამ საკითხებში და მოსახლეობას განვუმარტოთ რა ხდება, _ განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც კონსტიტუციონალისტები "გურია ნიუსთან საუბრისას ამბობენ, ეკონომიკური გუნდის მინისტრები ანგარიშვალდებულნი არა პრეზიდენტის, არამედ პარლამენტის წინაშე არიან.