შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგნობრივი გამოცდებისათვის პედაგოგთა რეგისტრაციას იწყებს.
რეგისტრაცია 10 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 25 მარტს, 18:00 საათზე დასრულდება. 2015 წელს საგნობრივ გამოცდებს მხოლოდ მოქმედი მასწავლებლები ჩააბარებენ. მოქმედი პედაგოგისათვის რეგისტრაცია უფასოა და ელექტრონულად შემდეგ ვებგვერდებზე ხორციელდება: www.naec.ge ან www.online.naec.ge
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, მოქმედი პედაგოგისათვის სავალდებულო ხდება საგნობრივი გამოცდის ჩაბარება (ამ გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ სერტიფიცირებულ პედაგოგებს).
საგნის გამოცდა ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები); მათემატიკა (I-VI კლასები); ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები); ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები); მათემატიკა (VII-XII კლასები); ისტორია (VII-XII კლასები); გეოგრაფია (VII-XI კლასები); სამოქალაქო განათლება. ფიზიკა (VIII-XI კლასები); ქიმია (VIII-XI კლასები); ბიოლოგია (VIII-XI კლასები). ინგლისური; გერმანული; ფრანგული; რუსული. ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
დამხმარე კრებულები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge.