როგორც "გურია ნიუსს" აცნობეს, გუშინ, ოზურგეთში, ზვანის ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ადგილობრივებმა სცემეს. ჩვენი წყაროს ცნობით, ცემის მიზეზი დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის მოთხოვნა იყო.
ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მომსახურების სერვისცენტრის უფროს ვოვა სალუქვაძეს, რომელმაც მომხდარი ინციდენტის არსებობდა დაადასტურა, თუმცა ცემის ფაქტი არა.
"მე სამსახურში ახლა მოვედი, გავიგე, რომ რაღაც ინციდენტი ყოფილა. დავაზუსტებ და შეგატყობინებთ", – გვითხრა სალუქვაძემ.
რამდენიმე წუთში მან დაგვირეკა და განმარტა, რომ მართლაც მომხდარა მსგავსი რამ, მაგრამ არავის არავინ არ უცემია.
მისივე თქმით, შემთხვევა, მხოლოდ კონფლიქტის დონეზე ამოიწურა.
"გურია ნიუსთან" ზვანის ტერიტორიაზე მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი ასეთ აზრს გამოთქვამს:
"მართალია, 50 თეთრია გადასახადი, მაგრამ ზოგს ისიც არ აქვს. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეს გადასახადი უკანონოა ან ჩვენს შესაძლებლობებს არ არის მორგებული. თუმცა, უმჯობესი იქნება, დენის გადასახადთან ერთად იყოს ან რაღაც სხვა ფორმა მოიძებნოს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან ანგარიშსწორება არ მოხდეს", _ თქვეს მათ და ისიც გვთხოვეს, თავი შევიკავოთ მათი ვინაობის დასახელებისგან.