ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩა 19-ში, ყოფილი მე-3 (რკინიგზის) საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე, ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო. შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ ჩადეს.
თბილისის მერის განცხადებით, უახლოეს დღეებში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება. გარდა ამისა, კეთილმოეწყობა არსებული ბაგა-ბაღები, რაც დამატებით ახალი ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.
"ამით ვასრულებთ ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას, რომ არცერთი ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე არ დარჩეს", – განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ აღნიშნა, ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა 10 ჯგუფი გაიხსნება, სადაც 400-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი. ნაძალადევის გამგებელის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, ნაძალადევის რაიონში უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება. მანჯგალაძის 19-ში 1400 მ2 მიწის ფართობზე ორსართულიანი შენობა აშენდება. მოეწყობა ეზო და გამწვანდება ტერიტორია. შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
საბავშვო ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოსთვის შევა. მშენებლობაზე 40-მდე, საბავშვო ბაგა-ბაღში კი 65-მდე ადამიანი დასაქმდება. საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ტრანსმშენი" აწარმოებს. მშენებლობაზე 1 090 401,00 ლარი დაიხარჯება.