საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი განცხადებას ავრცელებს.
"ამჟამად ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა პოლიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის. როგორც შევიტყე, ბატონმა არმაზ ახვლედიანმა გააკეთა განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის, ქალბატონი ნინო გვენეტაძისადმი, კოალიციის პოლიტსაბჭოს მხარდაჭერისა და იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც არ დაემორჩილებიან ამ გადაწყვეტილებას.
როგორც ცნობილია, პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატისადმი კოალიციის სხვა ფრაქციებმა სრული შემადგენლობით მხარდაჭერა გამოხატეს. მე როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, აღვნიშნე, რომ ფრაქციის ცალკეულ წევრებს აქვთ გარკვეული შეკითხვები კანდიდატისადმი და ჯერჯერობით ლაპარაკი სრული მხარდაჭერის თაობაზე ნაადრევია.
პოლიტსაბჭომ ცნობად მიიღო ჩემი განმარტება. მას არავისთვის არ დაუვალებია რაიმე განცხადებით გამოსვლა. სხდომის შემდგომ შესაბამისი კომენტარი გავაკეთე მედიისათვის და იგივე ვთქვი იმავე დღეს ჩატარებულ ფრაქციის სხდომაზე. ამდენად გასაგებია, რომ ბატონი არმაზის განცხადება სწორედ ჩვენს ფრაქციას ეხება და სულ მცირე არაკორექტულია დეპუტატების, პირადად ჩემი და თუნდაც ქალბატონი ნინოსადმი.
ბატონი არმაზის მიერ მოგვიანებით გაკეთებული განმარტება არ პასუხობს მის მიმართ ჩვენი ფრაქციის წევრების შენიშვნების არსს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რათა საფუძველი აღარ შეუქმნას უადგილო კამათს და უსაფუძვლო ინტერპრეტაციებს. თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია და მის ირგვლივ მსჯელობისას თითოეულ ჩვენთაგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოეთხოვება.
ფრაქციის შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან 16 მარტს არის დაგეგმილი", -ნათქვამია განცხადებაში.