პოლიტიკური პარტია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღეს, სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ, რომ ქვეყანაში ყველა პრობლემა ღრმავდება და მათი გადაწყვეტა ვერ ხდება.
ნინო ბურჯანაძის განცხადებითვე, ეს განპირობებულია იმით, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები გადაყოლილნი არიან ერთმანეთთან კინკლაობასა და აქედან გამომდინარე, ქვეყანაში სამარცხვინო ვითარებაა შექმნილი.
"გასულ კვირას შეგნებულად არ გამოვეხმაურე სრულიად აღმაშფოთებელ ფაქტს და საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა შეურაცხყოფას, რაც ყველამ ვიხილეთ ტელეეთერებში. მაინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა ამაზე ჩვენს ხელისუფლებას, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო ხელისუფლებას არანაირი რეაქცია არ ჰქონია, როგორც კლასიკურ მაგალითს უთავმოყვარეო ხელისუფლებისა ხმა არ ამოუღია, მით უფრო რომ საქმე ეხებოდა პრობლემას, რომელზე აშშ-ის მთავრობისთვის უნდა დასმულიყო კითხვა.
მხედველობაში მაქვს ვითარება, როდესაც ქვეყანაში ოფიციალურად ძებნილი ყოფილი პრეზიდენტი იმყოფებოდა აშშ-ის სენატში და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოიხსენიებოდა როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და მთავარი მომხსენებლიც კი იყო. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ჩვენი სახელმწიფოსი ეს არის გაგრძელება იმ შეურაცხმყოფელი პოლიტიკისა, რომლის მაგალითი იყო თუნდაც ევროკავშირში ხელშეკრულების რატიფიცირების დროს ძებნილი პრეზიდენტის მთავარ სტუმრად მიწვევა.
რას ნიშნავს განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთი პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს?"_ აღნიშნა ბურჯანაძემ.