რამდენიმე დღის წინ, სტამბულში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა კარატე დოში, სახელწოდებით "იოჰან თურქეთი".
ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და მასში 55 ქვეყნის 1800 კარატისტთა შორის საქართველოს კადეტთა ნაკრებიც მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებში ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ორი აღსაზრდელი – გიორგი ზენაიშვილი და გიორგი კეჭეყმაძე ირიცხებოდა, ხოლო მერაბ თურქია საერთაშორისო მსაჯის სტატუსით იყო მიწვეული.
ტურნირის პირველივე შეხვედრაში გიორგი ზენაიშვილს ხელი მოეცარა და შეჯიბრსაც გამოეთიშა, აი, გიორგი კეჭეყმაძემ კი ხუთი ბრძოლიდან ხუთივე მოიგო (მან ჩეხი, რუსი, ბერძენი, თურქი და ირანელი მეტოქეების დამარცხება შესძლო). რაც შეეხება ფინალს, აქ გიორგიმ თურქი კარატისტი საკმაოდ დიდი უპირატესობით დაჯაბნა და 63 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონიც შეიქნა. აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთელი კეჭეყმაძე საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრების წევრია.
რაც შეეხება გუნდურ ასპარეზობას, თურქეთში გამართულ ტურნირზე საქართველოს კადეტთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაისაკუთრა, ხოლო პირველზე მასპინძლები -თურქები გავიდნენ.