33 წლის კასპში მცხოვრებ ირმა ირემაშვილს, რომელიც მე-2 ჯგუფის ინვალიდია, ვერ გადაადგილდება ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გარეშე, კოჭლობს და ესაჭიროება ოპერაციული მკურნალობა – მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური უცემენტო ენდოპროტეზირება – საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ ოპერაციის დაფინანსებაზე უარი უთხრა.
"ვწუხვართ, რომ მოკლებულები ვართ დახმარების შესაძლებლობას", _ ნათქვამია ირმას დედის მიმართ სამინისტროდან 2015 წლის 11 მარტს გამოგზავნილ წერილში.
"ვის აღარ მივმართე, მაგრამ ყველასგან უარი მივიღე. ჩემს შვილს ორივე ფეხზე სჭირდებოდა ოპერაცია. მარჯვენა ფეხზე გავუკეთეთ, მაგრამ მარცხენა ფეხზე ტკივილი ისევ აქვს და ვეღარ ვუყუჩებთ. დღე და ღამე სიკვდილს ვნატრობ, ამდენი უბედურების მაცქერალი. სულ იმას ვფიქრობ, თავი რომ მოვიკლა, იქნებ ამ ბავშვს ვინმემ მიხედოს- მეთქი. აზრი ეკარგება ერთ ფეხზე გაკეთებულ ოპერაციას, თუ მეორეზეც არ გაუკეთდება", _ ამბობს ირმას დედა მანანა ირემაშვილი.
ირმას მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური უცემენტო ენდოპროტეზირება 2014 წლის მაისში გაუკეთდა. მაშინაც, პირველ ჯერზე, უარი უთხრეს ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროდან. "გურია ნიუსმა" სამინისტროდან უარის მიზეზების განმარტება ითხოვა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:
"მოქალაქე ირმა ირემაშვილის (დიაგნოზი: ორმხრივი დისპლაზიური მე-4 ხარისხის კოქსართროზი) ოპერაციული მკურნალობის – მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური უცემენტო ენდოპროპეზირების დაფინანსების საკითხზე გაცნობებთ, რომ მას საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331-ე დადგენილების მიხედვით, "რეფერალური მომსახურების ფარგლებში" პაციენტებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის 2014 წლის 19 თებერვლის N6 სხდომაზე ეთქვა უარი, ვინაიდან, ანალოგიური გეგმიური და ძვირადღირებული სამედიცინო სერვისების დაფინანსების საკითხი სხდომებზე განიხილება თანმიმდევრობით, რიგის მიხედვით, შესაბამისად, ი. ირემაშვილის დაფინანსების საკითხი განიხილება კომისიის უახლოეს სხდომაზე, რომელზეც პაციენტის დიაგნოზის, გამოსავლის პროგნოზის, სამედიცინო რისკების, ასევე, სოციალური მდგომარეობის და სტატუსის გათვალისწინებით განისაზღვრება მაძიებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობა და მოცულობა. კომისიის გადაწყვეტილების შესახებ მოქალაქე ინფორმირებული იქნება წერილობით", _ გვწერდნენ სამინისტროდან.
ამ წერილის შემდეგ, "გურია ნიუსს" დაუკავშირდნენ ირმა ირემაშვილის ოჯახის წევრები და უთხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 7 ათასი ლარის ღირებულების ოპერაცია ნაწილობრივ, 4 ათასი ლარით დაუფინანსა, დანარჩენი თანხის მოგროვება კი თავად ოჯახმა შეძლო.
როგორც მანანა ირემაშვილი ამბობს, მის შვილს პირველ ფეხზე ოპერაციის შემდგომ, მეორე ფეხზე მალევე, 3 თვეში უნდა ჩატარებოდა ოპერაცია, მაგრამ მის შემდეგ ერთი წელი გავიდა და ოპერაციის თანხა ჯერ კიდევ ვერ შეუგროვებიათ.
ოჯახს ისევ ჯანდაცვის სამინისტროს იმედი ჰქონდა, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, მინისტრის, დავით სერგეენკოს სახელზე შეტანილი განცხადების პასუხად რეფერალური მომსახურების კომისიის სამმართველოს უფროსმა ხათუნა ჩაჩავამ, ოპერაციის დაფინანსებაზე უარი ამცნო.
"ჩვენთვის რთულია 7 ათასი ლარის შეგროვება. ნაწილობრივ რომ დაგვეხმარებოდეს ვინმე, შეღავათი იქნება ჩემი ოჯახისთვის. ნაწილს ჩვენ ვიწვალებთ და შევაგროვებთ, ვეღარ ვუძლებ ჩემი შვილის საცოდაობას. წარმოიდგინეთ, დედისთვის როგორი საყურებელია, როცა შვილი ტკივილებისგან იტანჯება და ვერაფრით ეხმარება", _ გვითხრა მანანა ირემაშვილმა.
"გურია ნიუსმა" ამჯერადაც სთხოვა განმარტება ჯანდაცვის სამინიტროს: რატომ მოხდა, რომ პირველ ფეხზე ნაწილობრივ დაუფინანსეს პაციენტს ოპერაციული მკურნალობა, მეორეზე კი უარი ეთქვა, მაშინ როცა ერთ ფეხზე ოპერაციას აზრი ეკარგება, თუ მეორეზეც არ გაუკეთებენ?
სამინისტროდან ასეთი პასუხი გაგვცეს: "საყოველთაო ჯანდაცვაში არ შედის ეს ოპერაცია. ეს ეკუთვის რეფერალური დახმარების პროგრამას. რეფერალურზე დგება კომისია და თითოეული ქეისის განხილვა ხდება. პაციენტების მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას. უარის მიზეზებზე თავად შეუძლიათ ახსნა-განმარტება მოითხოვონ ოჯახის წევრებმა სამინისტროდან და აუხსნიან, რატომ ეთქვა უარი",_ გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში.
შეცვლის თუ არა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო თავის გადაწყვეტილებას და მოძებნის თუ არა სახსრებს 33 წლის ირმას დასახმარებლად, როგორც პირველ შემთხვევაში, ჯერ უცნობია, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო ირმას გამოჯანმრთელებაში დაეხმარება.