(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის “გურიამ” საუმაღლესლიგო პლეი-ოფში თამაშის უფლება მიმდინარე წელს ვერ გაინაღდა, თუმცა ამისი შანსი მაინც შეინარჩუნა. საქმე იმაშია, რომ ჩვენებურებმა თბილისში აუტსაიდერ “აიეტთან” 1:3 მარცხი იწვნიეს. ლიდერისაგან ასეთ წაგებას არანაირი გამართლება არ აქვს, თუმცა გარკვეულწილად ობიექტური მიზეზიც არსებობს _ “გურია” ნამდვილად არ გახლავთ ისე დაკომპლექტებული, რომ ერთბაშად 5 მობურთალის, მათ შორის, სამი გამორჩეული ლიდერის გაშვება არ დაეტყოს. ამასთან, ლანჩხუთელებს ტრადიციულად უჭირთ ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში.
გასულ წელსაც, ისინი იმავე არენაზე დედაქალაქურ “სტუ-ს” 1:0 უგებდნენ, მეტოქე დასაწყისიდანვე კაცნაკლული დარჩა, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენებურებმა ის მატჩი 1:4 წააგეს. ახლა “გურია” 33 ქულით კვლავ მეორე ადგილზეა და მის შესანარჩუნებლად დარჩენილ 2 შეხვედრაში ერთის მოგებაც ჰყოფნის, კონკურენტებზე რომ აღარ იყოს დამოკიდებული. დარჩენილი 2 შეხვედრა მარტში გაიმართება _ “გურია” ჯერ წყალტუბოს “სამგურალს”, შემდეგ კი საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლებს.
თუმცა, შესაძლოა, პლეი-ოფის განაღდება გიგლა იმნაძის შეგირდებმა წელსვე მოახერხონ _ ერთი კონკურენტი უკვე ჩამოშორებულია (“ზოოვეტმა” საკუთარ მოედანზე “სულორს” ვერ მოუგო), თბილისის “ნორჩ დინამოელსა” და ხონის “იმერეთს” თეორიული შანსის შესანარჩუნებლად ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ და თუ ისინი დარჩენილ 4 და 3 შეხვედრაში, მინიმუმ, თითოჯერ წაიფორხილებენ, “გურიას” ქულები აღარ სჭირდება.