(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ როგორც ჩოხატაურის გამგებელი ამბობს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ზამთრისთვის სამყოფი შეშა 45 ოჯახს მიუტანა, მაგრამ თავადვე აკონკრეტებს, რომ აქედან, 31-ს, შეშა გამგეობამ კი არა, კომპანია “ჯ.მ” (მიხეილ სვიმონიშვილმა) დაუმზადა. 15 ოჯახს კი გადამორილი ჭადრები მიუტანეს. ამიტომაც, ცხადია, ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა.
იმედაშვილი “მადლობელია სატყეო სამმართველოს და მისი ხელმძღვანელის, ნიკო ნოზაძის”, რომელიც, თურმე, “პრობლემების მოგვარებაში მყისიერად ეხმარება”:
_ ყოველ ჩემს ზარზე რეაგირებს. მისი უშუალო დახმარებით გამოიყო ჩოხატაურში დამატებითი ტყეკაფები ზოტში, ფარცხმაში, ბურნათში. ეს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო, რადგან თავდაპირველად გამოყოფილი ტყეკაფები მათი საცხოვრებლიდან ძალიან შორს იყო და შესაბამისად, შეშის მოტანა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, _ აღნიშნა გამგებელმა. საინტერესოა, რატომ ან როგორ “ახერხებს” გამგებელი ახალი ტყეკაფების გამოყოფას, რაც მის ფუნქციებში სულაც არ შედის; ან თავად სატყეო სამმართველო ხალხის ხმას გამგებლის ზარს რატომ ამჯობინებს და თავიდანვე რატომ ვერ ხვდება, სად უნდა გამოიყოს ტყეკაფი, რომ მოსახლეობამ ზამთრისთვის შეშის მომარაგება მაინც შეძლოს.