საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება ცდილობს მესაკუთრეებთან პირადად აწარმოონ მოლაპარაკებები, რათა დევნილებს თანხის გადახდა არ მოუწიოთ.
როგორც დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ განაცხადა, ვარკეთილი 3-ში დევნილებისთვის ფართების გამოსყიდვა მიმდინარეობს.
"იმისათვის, რომ დევნილებს არ მოუწიოთ იმ საცხოვრებელი ფართების დატოვება, სადაც ისინი თითქმის 16 წელია ცხოვრობენ, მუდმივად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მესაკუთრეებთან, ვისაც უკვე საჯარო რეესტრში დაფიქსირებული აქვს ეს ქონება და ნაწილთან ვახერხებთ გარკვეულ შეთანხმებაზე წასვლას თანხასთან დაკავშირებით, ზოგიერთთან უკვე მიღწეულია და უახლოეს დღეებში გამოვისყიდით ფართებს.
რაც შეეხება 25 000 დოლარის მოთხოვნას დამატებით, ვფიქრობთ, რომ ცოტა გაზვიადებულია ეს თანხა. ჩვენ კვადრატულში 50 დოლარს ვიხდით. დამატებით შესაძლოა მეპატრონე ითხოვდეს თანხას, თუმცა ვცდილობთ, რომ ეს ტვირთი დევნილებს არ დააწვეთ და მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ თანხის გადახდა", – განაცხადა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ.