ბოლო დღეებია, ოზურგეთში საზოგადოება აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია “გურია” ვანო ჩხარტიშვილმა შეიძინა.
აღნიშნულ საკითხზე “გურია ნიუსი” ტელეკომპანია “გურიას” აღმასრულებელ დირექტორს, ავთო გველებიანს და დირექტორს ზურაბ გობრონიძეს ესაუბრა.
ავთო გველებიანი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური არ არის:
_ მე შემიძლია, გესაუბროთ ტელევიზიის შემოქმედებით მხარეზე, პროგრამებზე, გრანტებზე, მომავალ გეგმებზე, მიმდინარე პროექტებზე. ისე, სხვათა შორის, მინდოდა, რომ ფართო საზოგადოებას გაეგო, რას ვაკეთებთ ჩვენ.
_ ანუ ტელევიზიაში არანაირი ცვლილებები არ იგეგმება?
_ თქვენ თუ ადევნებთ ტელევიზიას თვალყურს, ბოლო დროს არაფერი არ შეცვლილა. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ნოემბრის დასაწყისში მოხდა, როცა ჩვენ ახალი პროექტი დავიწყეთ. სხვა პასუხი არ მაქვს. აქ არის დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია ტელევიზიაზე, ქონებაზე, მის საკუთრებაზე და შეგიძლიათ, მას მიმართოთ. მე აღმასრულებელი დირექტორი ვარ, _ გვითხრა გველებიანმა.
ტელეკომპანია “გურიას” დირექტორი, ზურაბ გობრონიძე ადგილზე არ დაგვხვდა და მას ტელეფონით დავუკავშირდით.
_ ბატონო ზურაბ, გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია “გურია” ვანო ჩხარტიშვილმა იყიდა. რამდენად შეეფერება ეს ინფორმაცია სიმართლეს?
_ არ ვიმყოფები ოზურგეთში, ქუთაისში ვარ. ამ დღეებში დაგიკავშირდებით და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გესაუბრებით. ეს სატელეფონო საუბრის თემა არ არის, _ გვითხრა გობრონიძემ.
ტელეკომპანია “გურიას “თემას ჩვენ უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით.