"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც ირაკლი ღარიბაშვილისთვის იტალიაში 181 401 ლარის რბილი ავეჯის შეიძინეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამოეხმაურენ:
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ავეჯი ღარიბაშვილისთვის არ არის შეძენილი:
_ ავეჯი არ არის შეძენილი პრემიერ-მინისტრისთვის. ეს ავეჯი არის შეძენილი იმ სივრცისთვის, რომელიც არ გვქონდა მთავრობის ადმინისტრაციაში. არ გვქონდა შესაბამისი სივრცე, რომელიც იყო საჭირო მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად. პროტოკოლით არის გათვალისწინებული სხვადასხვა ფორმატები, რომელიც ითვალისწინებს როგორც პირისპირ შეხვედრებს, ისე დელეგაციის შეხვედრებს. ადმინისტრაციის მიმდინარე რემონტის ფარგლებში, ბუნებრივია, ვაწყობთ ასეთ სივრცეებს, რომელთაც სჭირდებათ შესაბამისი აღჭურვილობა, _ განაცხადა ცქიტიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ნადირაშვილმა ავეჯის ფასები არასწორად გააცნო საზოგადოებას.
_ ქალბატონ ირმას არასწორად ჰქონდა ციფრები მითითებული, რადგან იქ, სადაც უწერია, რომ 1 სკამი ღირს 15 000, სინამდვილეში 24 სკამია ამ ღირებულების. რომ რაღაც ნივთი ღირდა 24 000, სინამდვილეში ღირდა 2000 ლარი. ეს ინფორმაცია არ იყო გაცემული ჩვენს მიერ და ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს, _ აღნიშნა ცქიტიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ბატუტიან საწოლზეც გააკეთა განმარტება და აღნიშნა რომ სახელწოდება იტალიურიდან არასწორად ითარგმნა:
_ საწოლის შესყიდვა ნამდვილად მოხდა. იყო ერთი საწოლი, რომელიც ღირდა 950 ევრო ანუ 2200 ლარი. საწოლი არის გათვალისწინებული პირველი პირისთვის, რომელსაც უწევს დილის 4 საათამდე მუშაობა, _ განაცხადა ცქიტიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ჟურნალისტებს აქვე წარმოუდგინა მასალა წინა მთავრობის მიერ ათონელის რეზიდენციისთვის შეძენილი ავეჯის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, ათონელის რეზიდენციისთვის წინა ხელისუფლებამ მხოლოდ ავეჯსა და სანათებზე 2 მილიონ 500 ათას ლარზე მეტი დახარჯა.