ლანჩხუთის "გურიამ" ურთულესი საშინაო მატჩი ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ გორის „დილასთან“ ჩაატარა. გორელები ამ შეხვედრამდე ცხრილის მეორე საფეხურზე იყვნენ და საჩემპიონო ამბიციაც დიდი აქვთ.
თავის მხრივ გურულები შინაურ სარბიელზე ჯერ კიდევ წაუგებელნი არიან და ამ დაძაბული დაპირისპირების შემდეგაც შეინარჩუნეს ეს სტატუსი. თამაში ფრეთი დასრულდა.
მეტოქენი ერთმანეთს ზედმეტად უფრთხოდნენ და ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. მასპინძლები ისევ ერთი თავდამსხმელით ცდილობდნენ შეტევას, მაგრამ საიმედოდ გარჯილ მეტოქე მცველებს, ვერაფერი დასტყუეს.
"დილა" აქცენტს ძირითადად სწრაფ კონტრშეტევებზე აკეთებდა, მაგრამ მასპინძელთა საიმედოობის კოეფიციენტიც დიდი იყო. ამიტომაც, მეტოქეთა კართან მომენტი იშვიათად იქმნებოდა. ამ ხისტ და დაძაბულ პაექრობაში, დრამატული ბოლო წუთები იყო, როცა მასპინძლები გააქტიურდნენ და ჯერ ისიანის სახიფათო დარტყმა ვიხილეთ, მერე კი ზედიზედ სამი კუთხურის შედეგად გორელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობა. თუმცა, ამ ეპიზოდებიდან გოლის გაჩარხვა ვერ მოხერხდა.
"დილასაც" ებოძა სულ ბოლოს კარგი შანსი, მაგრამ ტრამვირებული მიხეილ გოგუაძის ნაცვლად შესულმა რობერტ იმერლიშვილმა, პირისპირ დარჩენილ სტუმარ თავდამსხმელს, გოლის გატანა არ დაანება.
"გურიამ" ამ საჭირო ქულით წინსვლა ვერ მოახერხა, უფრო მეტიც, ერთი ადგილით ჩამოქვეითდა და მეექვსე ადგილი საჩხერის „ჩიხურას“ დაუთმო.