გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთი მოისწრაფიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, ქალაქ ოზურგეთში, ყოფილი სამშობიაროს შენობაში შესახლებულ უსახლკარო მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრის თემა შენობის რეაბილიტაციის საკითხი იყო, რათა მოსახლეობამ აქ ნორმალურ პირობებში იცხოვროს და რისთვისაც უკვე გამოყოფილია თანხები.
შესახლებულების უმრავლესობას არ აქვს ალტერნატიული ფართი, სადაც რემონტის პერიოდში იცხოვრებენ. აქედან გამომდინარე, აღნიშნული შენობის მცხოვრებლები დროებით ყოფილი საავადმყოფოს მეორე შენობაში გადავლენ.
თუმცა მნიშნველოვანია ის ფაქტი, რომ გარემონტების შემდეგ აქ საცხოვრებელი ფართით მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობა დაკმაყოფილდება.
შესახლებულთა უმრავლესობა სოფლების მცხოვრებლები არიან. შესაბამისად, მათი დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტის გამგეობამ უნდა უზრუნველყოს.
როგორც თემთა მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნა, სოფელ მერიაში რემონტდება საერთო საცხოვრებელი, სადაც გადავლენ ის ოჯახები, ვისაც საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი პირობები.
ჭანუყვაძის თქმით, არასამთავრობოები და ჟურნალისტებიც ჩაერთვიან და პროცესიც გამჭირვალედ წარიმართება.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთი მოისწრაფიშვილმა შეკრებილებს პირობა მისცა, რომ საცხოვრებელი ფართების გამოყოფა უსახლკაროებისთვის სამართლიანად მოხდება.