2016 წელს დაზვერვის სამსახურს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ადმინისტრაციული შენობა ექნება – მშენებლობის პროცესის დაწყებას საფუძველი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროს დავით სუჯაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით შავლიაშვილთან ერთად ჩაუყარა. ცერემონიას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.
„დაზვერვის სამსახურის გამართული და ეფექტიანი მუშაობა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სახელმწიფო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, გლობალური პროცესები და რეგიონში არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, ზრდის საგარეო საფრთხეებს, და ასეთ სიტუაციაში თქვენ უდიდესი როლი გაკისრიათ. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მთავრობისგან ყოველთვის გექნებათ სათანადო მხარდაჭერა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენი პროფესიონალიზმი სრულად იყოს გამოყენებული ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების სასიკეთოდ,“ _ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა ყოველმხრივ შეუწყობს ხელს დაზვერვის სამსახურის ისეთ სტრუქტურად გარდაქმნას, რომელიც მორგებული იქნება თანამედროვე გამოწვევებზე.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური