14 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით სკოლის ეზოში ხის სკამები დამონტაჟდა, გაშენდა ყვავილნარი და ნაძვნარი. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, თითოეული ნერგის მოვლა-გახარებაზე კონკრეტული მოსწავლე იზრუნებს, რაც ერთგვარი სტიმულია მათთვის, რომ უფრო გულისხმიერად მოეკიდონ საქმეს.
საკლუბო ინიციატივის გახორციელებაში მოსწავლეებმა ჩართეს სკოლის დირექცია და ადგილობრივი თემი. ფიცრები, რკინის კონსტრუქციები და საღებავები სკოლის დირექციამ შეიძინა, ხოლო ნარგავების შეგროვება მოსწავლეებმა სოფლის მოსახლეობის დახმარებით შეძლეს.
_ "სკამების დამონტაჟება დიდი ხანია გვინდა, სკოლის ეზოში ჩამოსაჯდომი მართლაც საჭიროა. სამოქალაქო კლუბმა ეს პრობლემა ეფექტურად მოაგვარა სხვადასხვა მხარესთან თანამშრომლობით‘’ – აღნიშნა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ვიოლეტა კვაჭაძემ.
ინიციატივაში ჩაერთო სამოქალაქო კლუბის თხუთმეტი წევრი, სკოლის დირექტორი და ორი პედაგოგი.
სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობას" ახორციელებს PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა საქართველოს 11 რეგიონში მიმდინარეობს. გურიის რეგიონში პროგრამის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი".