კოალიცია "ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მდივანი არმაზ ახვლედიანი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში უფლებამოსილებას დროებით იჩერებს.
ამის შესახებ ახვლედიანი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მიზეზებია განმარტებული.
"ვწუხვარ, რომ მიმდინარე წლის 7 მარტს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ჩემი ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას ეხებოდა, არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. კვლავ ვიმეორებ, განსხვავებული აზრის პატივისცემა ჩემთვის უპირობო პრიორიტეტია, ამასთან, მივიჩნევ, რომ დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან წესრიგს და დისციპლინას. ვითვალისწინებ, რომ ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, აირჩიოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. არ მსურს, რომ ჩემი ინტერვიუს საბაბით დაწყებულმა გაუგებრობამ თუნდაც ოდნავ შეუშალოს ხელი დეპუტატების არჩევანს. ამიტომ საჭიროდ მივიჩნევ, პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში შევიჩერო უფლებამოსილება, სანამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ განიხილება აღნიშნული ინტერვიუს გამო აგორებული უსაფუძვლო კომენტარების საკითხი", _ ნათქვამია არმაზ ახვლედიანის განცხადებაში.