ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განაცხადა, სადაც არტილერიის პროფესიული დღე აღინიშნა.
"მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც იარაღით ხელში ყოველდღიურად ემსახურება იმას, რომ ჩვენ მოქალაქეებს მშვიდად ეძინოთ, ვინც თავისი პროფესინალიზმით იცავს ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს ღირსებას, მშვიდ ძილს და განვითარებას.
ქართველ არტილერისტებს აქვთ საამაყო ბიოგრაფია. ეს ბიოგრაფია იწყება საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან – როცა თებერვალში გვიტევდა მე-11 არმია არტილერიამ შეძლო და შეაჩერა მოწინაარმდეგე, დიდი ზიანი მიაყენა მტერს. ეს ბიოგრაფია გრძელდება თანამედროვე საქართველოშიც – ჩვენმა არტილერიამ შეძლო და გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა მტერს აფხაზეთის ომშიც. ყოველივე ეს ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს დიდი მადლიერებით განგვაწყობს თქვენს მიმართ.
ჩვენ მადლიერნი ვართ იმ სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლოსთვის წევთ, მადლობელი ვართ თქვენი შრომისა და თავდადებისთვის. მუდამ გვახსოვს ის გმირობა, რომელიც ჩაუდენიათ ჩვენს წინაპრებს. ამ გმირობის საფუძველზე ვაშენებთ ახალ სახელმწიფოს, ახალ საქართველოს, რომლის შეიარღბეული ძალებიც იქნება ისეთი ძლიერი, რომ ნებისმიერ მტერს გაუქრობს სურვილს, ჩვენ, მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს რაიმენაირად დაგვემუქროს. ამის გარანტი ხართ თქვენ, ამის გარანტია შეიარაღებული ძალები, რომლებიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიამაყით აღავსებენ ყველა ქართველის გულს, რადგან ისინი არიან გამორჩეულები, მათ პატივს სცემენ როგორც კოლეგებს და მათი ეშინიათ მტრებს.
მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გითხრათ სამსახურისთვის", – მიმართა პრეზიდენტმა არტილერისტებს.