თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თამაზ შოშიაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც საუბარი ბიუჯეტს და თბილისის მერიის მხრიდან ამოღებულ ერთ-ერთ მუხლს შეეხებოდა.
უფრო კონკრეტუალად კი, შოშიაშვილის თქმით, დავით ნარმანიას ხელმოწერითა და გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოში შევიდა დოკუმენტი, რომლის თანახმად "ქართული ოცნების" მთავრობამ და მერმა მიიღეს გადაწყვეტილება, დამტკიცებული ბიუჯეტიდან ამოიღონ მე-20-ე მუხლი.
"ეს ეხება პროექტების შეთანხმებას თბილისის საკრებულოსთან და შესაბამისად იმის განსაზღვრას თუ რომელიმე პროექტი რა თანხით უნდა დაფინანსდეს. ყოველივე ეს, ხდება იმ სისტემური კორუფციის ფონზე, რაც ქართული ოცნების თბილისის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სუფევს დედაქალაქის მერიაში. დავით ნარმანია ნაცვლად იმისა, ებრძოდეს კორუფციას მის სისტემაში, უზრუნველყოფდეს მეტ გამჭვირვალობას და საზოგადოების ჩართულობას, იკეტება მაქსიმალურად და ცდილობს გააღრმაოს ის მეტასტაზები, რომელიც დაწყებულია დიდი ხნის წინ თბილისის მერიაში კორუფციის სახით. დედაქალაქის მერი ყოველგვარი მეთოდებით ცდილობს, თბილისის საკრებულო და საზოგადოება ამყოფოს ინფორმაციის გარეშე, თუ რა თანხებს ხარჯავს კონკრეტულ პროექტებში. თუ თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დაეთანხმება ამ გადაწყვეტილებას ეს ნიშნავს, რომ ქართული ოცნება მხარს უჭერს და უპრავებს ნარმანიას იმ კორუფციას, რომელიც სუფევს დედაქალაქის მერიაში. ამ გადაწყვეტილებით თბილისის საკრებულო გახდება უფუნქციო ორგანო, რომელიც ფაქტიურად ნარმანიას ნოტარიუსად გადაიქცევა", _ აღნიშნა დეპუტატმა.