გასულ ღამეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ყაჩაღობა მოხდა _ სოფელ გოგოლესუბანში მცხოვრები იური სიხარულიძის ოჯახი, დაახლოებით ღამის 2 საათზე, დააყაჩაღეს, სახლიდან ფული და თხილი წაიღეს. ყაჩაღობის დროს, სახლში მხოლოდ ოჯახის დიასახლისი იმყოფებოდა, რომელსაც, როგორც გვითხრეს, ყაჩაღებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა, თუმცა, ძალოვანები კომენტარებს არ აკეთებენ.
მოსახლეობა შეშინებულია, რადგან კვირა არ გავა, ყაჩაღობა არ მოხდეს. ამ დრომდე კი პოლიციამ ვერც ერთი დანაშაულის გახსნა ვერ შეძლო.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩოხატაურში დაფიქსირებული ეს უკვე მესამე ყაჩაღობაა. წინა თვეებში კიდევ სამი ყაჩაღობა მოხდა. ამ დრომდე არც ერთი საქმე არ არის გახსნილი და მიუხედავად იმისა, რომ სამხარეო სამმართველოს ახალი უფროსი, დავით ცირეკიძე თავისი გუნდით, რამდენიმე დღეა, ჩოხატაურშია გადმოსახლებული, შედეგი არ ჩანს.
“გურია ნიუსი” კომენტარისთვის გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს დაუკავშირდა:
_ ბატონო ვალერი, გურიაში, განსაკუთრებით კი ჩოხატაურში მძიმე კრიმონოგონური სიტუაციაა, მოსახლეობა შეშინებულია. ჩოხატაურში კიდევ ერთი ყაჩაღობა წუხელ მოხდა, პოლიცია კი საქმეების გახსნას ვერ ახერხებს… რა ინფორმაცია გაქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და თუ არსებობს რაიმე გეგმა მომრავლებულ დანაშაულობებთან საბრძოველად?
_ თათბირზე ვარ და მოგვიანებით შეგეხმიანებით, _ ასეთი იყო მხარის პირველი პირის პასუხი, რომლის კომენტარს ჩვენ მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.