2015 წლის 20 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი საოლქო პროკურორი, ბრალდებული როლანდ ახალაია უდანაშაულოდ სცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
ცნობისთვის, როლანდ ახალაიას ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (ორი ეპიზოდი).
საქმის მასალების თანახმად, რ. ახალაიამ საოლქო პროკურორის უფლებამოსილების განხორციელებისას, საპროცესო შეთანხმებების გაფორმების სანაცვლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე ჩასარიცხ თანხასთან ერთად, მსჯავრდებულთა ახლობლებს შ.პ.ს. "სანის" ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა მოსთხოვა. აღნიშნული შ.პ.ს.-ს ანგარიშზე ერთ შემთხვევაში 150 000, ხოლო მეორე შემთხვევაში 60 000 ლარი ჩაირიცხა.
საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებისა და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, როლანდ ახალაია უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
აღნიშნულ საქმეზე 17 სასამართლო სხდომა გაიმართა, დაიკითხა ბრალდების 15 და დაცვის 5 მოწმე, მათ შორის თავად ბრალდებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.