საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, თბილისის მერი დავით ნარმანია ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას ბოლომდე არ ერგება.
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას საჯარო ბიბლიოთეკაში დღეს განაცხადა.
"კორუფციას ყველგან ნახავთ. არ არსებობს სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო მოხელეს კორუფცია არ ჩაუდენია. მე არ ვიცი, ასეთი სახელმწიფო. ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ საქართველო ევროპული ქვეყნებისგან განსხვავდება. საშუალო მენეჯერებს "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც ებრძოდნენ, რამდენიმე კაცს ჰქონდა მხოლოდ უფლება, ძირითადი უნდა ასულიყო ზემოთ. პირამიდა ჰქონდათ აგებული და ასეთ კორუფციას აკეთებდნენ. შევარდნაძის დროს იყო ერთი ტიპის კორუფცია, სააკაშვილმა დააფუძნა სხვა სახის კორუფცია, რომელია უარესი, ანალიზი თქვენ გააკეთეთ", – აღნიშნა ივანიშვლმა და დასძინა, რომ რაც ხდება და მოხდა, ნორმალური პროცესია.
"გაგახსენებთ შს მინისტრის მოადგილის, გელა ხვედელიძის ინციდენტს. კადრები ათასობით ჰქონდა გადაღებული "ნაციონალურ მოძრაობას", ხვედელიძეს ერთ-ერთი კადრის გავრცელების შემდეგ მოუწია სამსახურის დატოვება", – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, შეცდომები მომავალშიც იქნება, ევროპულ ქვეყნებში არც ერთი არ არის იდეალური დემოკრატია. რაც შეეხება თბილისის მერს, დავით ნარმანიას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის არის ევროპული ტიპის მენეჯერი.
" შეიძლება ნარმანია ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას ბოლომდე არ ერგება. მოვუწოდებ მას, რომ მოუწევს, გაითვალისიწნოს რეალობა და ცოტა მეტი ფორსირება თავისი მენეჯერული თვისებების, რომ ის იყოს სიმბოლო ახალი ტიპის განვითარების. სააკაშვილი 8-9 თვეში აშენებდა შენობებს და აგებდა გზებს, თუმცა შემდეგ ეს გზები ფუჭდებოდა. ეს იყო ეტალონი იმისა, რაც მომავალში არ უნდა მოხდეს", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და განმარტა, რომ ნარმანიას სტილი მომავლში იდეალური იქნება.
"ნარმანიას ვთხოვდი, დააჩქაროს პროცესების განვითარება. საერთო ჯამში არის კარგი სპეციალისტი და კარგი მენეჯერი", – აღნიშნა ივანიშვილმა.