დღეს, ტელეკომპანია “გურიაში” საგანგებო თათბირი ჩატარდა _ ამის შესახებ “გურია ნიუსისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. როდესაც იქ მივედით, თათბირი უკვე დაწყებული იყო. თუმცა, გავიგეთ, რომ გენერალური დირექტორის მოადგილედ ლევან სკამკოჩაიშვილი დაინიშნა, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის მარჯვენა ხელი იყო 2003 წლის არჩევნების დროს. მათი მეგობრობა არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა.
“გურია ნიუსი” ტელეკომპანია “გურიასთან” დაკავშირებულ ბოლო განვითარებული მოვლენების შესახებ უკვე წერდა და ვარაუდობდა, რომ ტელეკომპანია ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის მფლობელობაში გადავიდოდა რამდენიმე დღის წინ “გურიას” აღმასრულებელმა დირექტორმა ავთო გველებიანმა და დირექტორმა ზურაბ გობრონიძემ ეს ინფორმაცია, არც უარყვეს და არც დაადასტურეს, თუმცა, დღეს მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
თათბირს ესწრებოდა თბილისიდან მოწვეული, უკვე ტელეკომპანია “გურიას” მთავარი პროდიუსერი, წარმოშობით ოზურგეთელი, ელდარ მდინარაძე, რომელიც ტელეკომპანია “მზეს” ყოფილი პროდიუსერი იყო. მისი თქმით, ტელეკომპანიაში ფართომასშტაბიანი რეორეგანიზაცია იგეგმება. თუმცა, ჯერჯერობით, მედიასთან კონკრეტულ თემებზე არ საუბრობს.
ჩვენთვის ისიც ხდება ცნობილი, რომ “გურიას“ მფლობელების სიაში, შეიძლება, ვანო ჩხარტიშვილთან ერთად, ბიძინა ივანიშვილიც ვიხილოთ.