(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 6 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში, ადმინისტრაციული შენობა დაიწვა, რომელშიც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი და საექიმო ამბულატორია იყო განთავსებული. როგორც ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ აღნიშნა, ზარალი 100 000 ლარს აღწევს: _ ხანძარი გვიან ღამით, 12 საათისთვის გაჩნდა. ამ ეტაპზე უცნობია, ცეცხლის გაჩენის მიზეზი. ამინდი კარგი იყო და იმ დროს შენობაში არც ელექტრო და არც შეშის ღუმელი არ ენთო. შესაბამისად, იმის ვარაუდიც კი არ გვაქვს, რას უნდა გამოეწვია ხანძარი. ახლა (საუბარი ჩაწერილია 7 დეკემბერს) კრიმინალისტებს ველოდებით, რომლებმაც სწორედ ეს მიზეზები უნდა დაადგინონ.
_ ზარალი დიდია?
_ ხის შენობა იყო, მაგრამ კარგად ნაგები. ამავე შენობაში იყო განთავსებული სოფლის ამბულატორია, რომელშიც სხვადასხვა ტექნიკა და უნიკალური წიგნები ინახებოდა. იქ იყო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი _ კომპიუტერებით და სხვა ფასიანი ინვენტარით. ზარალი ჯერ ოფიციალურად არ დათვლილა, მაგრამ დაახლოებით 100 000 ლარი მაინც იქნება, _ გვითხრა ხუნდაძემ
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. საქმეს ჩოხატაურის პოლიციის სამმართველო იძიებს, თუმცა, პოლიციაში კომენტარების გაკეთებაზე უარს ამბობენ.