"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ საქართველოში ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ჩამოყალიბდება.
"ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ დღეიდან უზენაესი სასამართლო დაიწყებს რეალურ ცვლილებებს და ქვეყანაში მართლაც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ჩამოყალიბდება", – განაცხადა ბურჯანაძემ.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი პრეზიდენტ გიორგი მრგველაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მან უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილს, მადლობა გადაუხადა.
ნინო ბურჯანაძის შეფასებით, თუ კუბლაშვილი სამადლობელი იყო, მაშინ "ქართულ ოცნებას" კუბლაშვილის მიერ გასამართლებული ადამიანები პოლიტპატიმრებად არ უნდა ეღიარებინა.
"მინდა გამოვეხმაურო სრულიად აღმაშფოთებელ ფაქტს და დავგმო ბატონი მარგველაშვილის ქცევა, როდესაც მან დღეს, უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ბატონ კუბლაშვილს მადლობა გადაუხადა. ბატონო გიორგი, თუ სამადლობელი იყო "ნაციონალური მოძრაობისა" და კოტე კუბლაშვილის საქმიანობა, მაშინ რატომ ჰპირდებოდით მოსახლეობას კოჰაბიტაციის დასრულებას და "ნაციონალური მოძრაობის" შეცვლას?! მათზე ეფექტურები თქვენ ნამდვილად არ ხართ, თუ ისინი სამართლიანები იყვნენ, მაშინ რატომ მოხვედით ხელისუფლებაში?! თუ კუბლაშვილი სამადლობელი იყო, მაშინ თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ რის საფუძველზე აღიარა კუბლაშვილის მიერ გასამართლებული ადამიანები პოლიტპატიმრებად?!", – განაცხადა ბურჯანაძემ.
პარტიის ლიდერის თქმით, ეს სამარცხვინო ფაქტია და კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს თუ როგორ გადააგდო მარგველაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მოსახლეობა.
"ეს ასევე, აჩვენებს იმას, თუ როგორ გაგვყიდეს ჩვენ ყველანი იმისათვის, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი თანამდებობებზე და რადაც არ უნდა დაუჯდეთ, მოაწონონ თავი დასავლელ პარტნიორებს. სამარცხვინოა და სატირალია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი, ქვეყანაში ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს", – განაცხადა ბურჯანაძემ.