მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დღეს გავრცელდა ფადი ასლის განცხადება საქართველოში შემოსავლების სამსახურის მხრიდან ბიზნესის რეკეტსა და შევიწროვებასთან დაკავშირებით.
"აღნიშნული არ წარმოადგენს მისი მხრიდან გაკეთებულ ანალოგიური შინაარსის პირველ განცხადებას, რომელიც ზოგადი ხასიათისაა და მოკლებულია კონკრეტიკას.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის მხრიდან ბიზნესის შევიწროვების თაობაზე ბატონი ფადი ასლის მიერ გაკეთებული წინა განცხადება (რომელიც ასევე ზოგადი ხასიათის იყო). განცხადებასთან დაკავშირებით, შედგა შესაბამისის კომუნიკაცია საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) ხელმძღვანელთან ფადი ასლისთან.
განცხადების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მასში მოაზრებული შემთხვევებიდან, ნაწილზე უკვე დასრულებული იყო ადმინისტრაციული წარმოება გადამხდელის სასარგებლოდ, ნაწილზე – მოგვიანებით დაკმაყოფილდა გადამხდელთა მოთხოვნები, ხოლო ერთ შემთხვევაში – უფლების დარღვევის ფაქტი გადამხდელის მიერ არ დადასტურდა.
ჩვენ მზად ვართ შევისწავლოთ და სათანადო რეაგირება მოვახდინოთ ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა თითოეულ პრობლემაზე. შესაბამისად, მოვუწოდებთ ბატონ ფადი ასლის, ზოგადი ხასიათის განცხადებების ნაცვლად, მოგვაწოდოს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბიზნესის „რეკეტისა" და „შევიწროვების" კონკრეტული შემთხვევები, თუკი ის არ იქნება დასაბუთებული, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ განცხადებაში მოყვანილი შეფასებები მოკლებულია რეალურ საფუძველს და არ ემსახურება ბიზნესის ინტერესების დაცვას" _ აღნიშნულია ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.