საქართველო–ნორვეგიის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ევროინტეგრაციის თემები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტის, ოლემიკ ტომესენის შეხვედრაზე.
მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული აქტიური თანამშრომლობის გამო, როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში.
საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. აღინიშნა ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებზე.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. გამოითქვა შეშფოთება რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებების" ხელმოწერის გამო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ოლემიკ ტომესენს, ნორვეგიის მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
ოლემიკ ტომესენი 2013 წლის ოქტომბრიდან იკავებს ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის – სტორტინგის პრეზიდენტის პოსტს. 1986 წლიდან არის ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის წევრი. 2001 წლიდან კი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის – სტორტინგის წევრია.