თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,"ნაციონალური მოძრაობა – თბილისის" წევრები დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას "არაკვალიფიციური ნათესავების" დასაქმებაში ადანაშაულებენ.
ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე და საკრებულოს წევრი თემურ გრიგალაშვილი დღეს მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს, რასაც ისინი კანონმდებლობის უხეშ დარღვევად მიიჩნევენ.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს წევრების საქმიანობისთვის უხეშად ხელის შეშლას ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ ბასილაია.
"ეს ადამიანი დავით ნარმანიას მერად გახდომის შემდგომ დაინიშნა უსაფრთხოების სამსახურის თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის დაცვის განყოფილების უფროსად. ჩატარებულ კონკურსში მან შესაძლებელი 60 ქულიდან 31 ქულა მიიღო, თუმცა თანამდებობას თბილისის მერიაში მაინც ინარჩუნებს, განსხვავებით იმ კვალიფიციური ადამიანებისგან ვინც ტესტირების ეტაპი წარმატებით გადალახა, თუმცა ნარმანიამ ისინი მაინც გაყარა სამსახურებიდან.
რატომ აგრძელებს არაკომპეტენტური ნიკოლოზ ბასილაია მერიაში მუშაობას?! პასუხი მარტივია: ის დავით ნარმანიას ბიძაშვილის ნათია ნარმანიას მეუღლეა.
სამწუხაროა, რომ თბილისის მერია ნარმანიას და ,"ქართული ოცნების" პარტიული აქტივისტების არაკვალიფიციური ახლო ნათესავების დასაქმების ბიუროა, რაც საბოლოო ჯამში თბილისელებისთვის შექმნილ უამრავ პრობლემაზე აისახება", _ აღნიშნავენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.
"გურია ნიუსი" თბილისის მერიის კომენტარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით შემოგთავაზებთ.