პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით "ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, ადამიანებმა თავი იგრძნონ დაცულად და განვითარებულმა ეკონომიკამ მეტი შემოსავალი მოუტანოს მათ ოჯახებს"
"მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან რთული ვითარებაა რეგიონში, ეს ჩვენს ქვეყანასაც შეეხო. განვითარებული რთული პროცესები, პირველ რიგში, ეკონომიკის კუთხით შეგვეხო. ამიტომ, ამ ეტაპზე მთავრობის უპირველესი ამოცნაა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, სწრაფად გავუმკლავდეთ პრობლემებს, რომ მოსახლეობისთვის რაც შეიძლება უმტკივნეულოდ ჩაიაროს ამ პერიოდმა.
ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები სწორედ იმ საგარეო ფაქტორების ზეგავლენის ადეკვატურად განვითარდა, რაც რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკებში ხდება. სავალუტო კურსზე დიდი ზეგავლენა მოახდინა დოლარის გამყარებამ აბსოლუტურად ყველა ვალუტის, მათ შორის, ევროს მიმართ და აგრეთვე რეგიონში არსებულმა რთულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლარის კურსის ცვლილება ტვირთად არ დააწვეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ჩვენს მოქალქეებს.
სწორედ ამისთვის დავიწყეთ უფრო მეტი ახალი ეკონომიკური პროექტის ინიცირება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად დავზოგოთ ადმინისტრაციული ხარჯები. შემცირება არ შეეხება არცერთ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტს.
მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე არაერთი სოციალური პროექტი განვახორციელეთ რეგიონებში და ხალხმა მეტ-ნაკლებად ამოისუნთქა. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, ადამიანებმა თავი იგრძნონ დაცულად და განვითარებულმა ეკონომიკამ მეტი შემოსავალი მოუტანოს მათ ოჯახებს" _ განაცხადა პრემიერმა ამ წუთებში მიმდინარე პრესკონფერენციაზე.