თბილისის ოთხ საბავშვო ბაგა-ბაღში 5 ახალი ჯგუფი გაიხსნა, სადაც 140-მდე ბავშვმა დაიწყო სააღმზრდელო პროცესი და 25-მდე ადამიანი დასაქმდა.
ახალი ჯგუფები გლდანის რაიონის N 107, N 100 , კრწანისის რაიონის N 71 და ისნის რაიონის N 17 საბავშვო ბაგა-ბაღებში აუთვისებელი ფართების ადგილას გაკეთდა.
ახალი ჯგუფების გახსნას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად გლდანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესერაიონ ქარცივაძე და მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი არეშიძე დაესწრნენ.
თემურ თორდინავას განცხადებით, სააგენტოს ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საბავშო ბაგა-ბაღებში ადგილების უკმარისობა იყო.
"დაიგეგმა რამდენიმე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა თბილისის სხვადასხვა პრობლემურ რაიონებში, თუმცა ეს არ იყო საკმარისი და ამ პრობლემის ოპერატიულად გადაჭრისათვის კიდევ ერთი გამოსავალი მოვნახეთ. უკვე რამდენიმე თვეა არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში, წლების განმავლობაში აუთვისებელ ფართებში სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა ხდება. ამის შედეგად (და ასევე ბაგა-ბაღების სათათბირო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე) სექტემბრიდან დღემდე 3500-ზე მეტი აღსაზრდელის მიღება შევძელით. ოთახები სრულად აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით, მოეწყო სველი წერტილები და გასახდელები, გაკეთდა ინდივიდუალური სამზარეულო ოთახები", _ აღნიშნა თემურ თორდინავამ.