ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის (დირექტორი: მინდია დვალიშვილი ) სარაგბო გუნდი "გურია", საქართველოს ჩემპიონატის B ლიგის გათამაშებაში მონაწილეობს, სადაც მისი მეტოქეები არიან ვანის "არგო" და ქუთაისის ორი გუნდი – "აია" და "ბაგრატი".
საგულისხმოა ის, რომ ლანჩხუთელმა ჭაბუკებმა დაბა ურეკში საწვრთნელო შეკრება გაიარეს და ამან დადებითად რომ იმოქმედა გუნდის მომზადებაზე, ეს ჩემპიონატის პირველმა შეხვედრამაც ცხადყო. 20 მარტს, ქუთაისში ალექსანდრე წილოსანის შეგირდებმა ტოლი არაფერში არ დაუდეს მრისხანე მეტოქეს, "აიას" სახით. უფრო მეტიც, დაძაბულ ბრძოლაში თანდათან გამოიკვეთა გურულების უპირატესობა , რაც საბოლოო შედეგში აისახა კიდეც. 22-8 იმარჯვეს მათ და პირველი სენსაციაც გამოაცხვეს.
სამწუხაროდ მეორე ტურში კიდევ ერთი ქუთაისური გუნდის დამარცხება ვერ მოხერხდა. "ბაგრატი" ამ ჯგუფის უპირობო ფავორიტია და სოფელ ჩიბათში გამართულ შეხვედრა მისი დიდი უპირატესობით აღინიშნა კიდეც.
ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის შემდგომ ეტაპზე და გურულებს დარჩენილ შეხვედრებში, მეორე ადგილის დაკავების კარგი შანსი მაინც შემორჩათ.