თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმსჯელეს.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი, რომელიც სამხედრო პოლიციისთვის დამატებითი უფლებების მინიჭებას და სამხედრო ფორმის ტარების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებდა, საკითხის ინიციატორ თავდაცვის სამინისტროს უკან დაუბრუნდა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა სამხედრო ფორმით საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებსა და პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მოქალაქე, რომელიც სამხედრო ფორმას ატარებს და მონაწილეობას იღებს მიტინგებსა და აქციებში, გარკვეული საფრთხის მატარებელია და იგი სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების პრინციპებს ეწინააღმდეგება.
მისივე განცხადებით, კომიტეტმა და სამინისტრომ ერთობლივი მუშაობით უნდა მოამზადონ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სამხედრო ფორმიანი მოქალაქეების პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობას აკრძალავს.