ბაღში ხეხილოვან მცენარეებს გაუჩნდა ხავსი, მღიერები. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვიხმარო რკინის ძაღა, რომ ამ მავნებლებისგან გავათავისუფლო ხეხილოვნები.
რეზო ჯიბლაძე, ჩოხატაური, სოფელი შუა ამაღლება
ხავს-მღიერები (ლიქინები) სოკოსგან და წყალმცენარეებისგან შემდგარი ორგანიზმებია. ისინი მთელი ზედაპირით აქტიურად ითვისებენ მცენარისგან წყალს და მასში გახსნილ ნივთიერებებს, კეტავენ კანით სასუნთქ უჯრედებს და ხელს უშლიან მცენარის შიგთავსში ჰაერის მიწოდებას. გარდა ამისა, მასში თავს აფარებენ საშიში მავნებლები.
ამ ყველაფრის სამკურნალო საშუალებაა რკინის ძაღა. ის დამზადების წესით ძალიან ჩამოგავს ბორდოს ხსნარის დამზადების ტექნოლოგიას. დასამზადებლად ნაკლებად გამოსადეგია რკინის ჭურჭელი. 10 ლიტრი სამუშაო ხსნარის დასამზადებლად საჭიროა 200 გრამი რკინის ძაღა და ერთი კგ ჩაუმქრალი კირი, რომლებსაც ცალ-ცალკე ვხსნით შესაბამისად ერთ ლიტრ და 2,5 ლიტრ წყალში. შემდეგ საერთო ჭურჭელში ჯერ ვასხამთ კირის რძეს, რომელსაც ვამატებთ რკინის ძაღას ხსნარს და ვავსებთ წყლით, ათ ლიტრამდე. აღნიშნული პროპორციები შესაბამისად უნდა იქნეს დაცული ნებისმიერი რაოდენობის ნაზავის დამზადებისას.
ეს ნაზავი გამოყენებული უნდა იქნეს ერთი დღის განმავლობაში. ხის შტამბს და მსხვილ ტოტებს, სასურველია, წავუსვათ ფუნჯით. ხოლო დანარჩენ წვრილ ტოტებს _ შესასხურებელი აპარატით. სანამ მოხმარებას დავიწყებთ, უნდა მოვურიოთ ენერგიულად. შესასხურებელ აპარატში ხსნარი გაწურული უნდა ჩავასხათ.
ძაღას ხსნარით ხის ვარჯის და ტოტების დამუშავება შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე და ადრე გაზაფხულზე. მისი ეფექტურობა მაღალია, თუ გარემოში ტემპერატურა, დღე-ღამის განმავლობაში, +5 გრადუსზე დაბლა არ ეცემა.