უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მოსამართლეები, რომლებიც წლების განმავლობაში რეზერვში ირიცხებოდნენ სასამართლო სისტემაში დაბრუნების შანსი ეძლევათ. თუმცა, გვენეტაძე განმარტავს, რომ სისტემაში მათი დაბრუნების ერთადერთი გზა კონკურსის გავლაა.
"რეზერვისადმი დამოკიდებულება ფაქტობრივად არასწორი და უკანონო იყო. მათი უფლებების აღსადგენად ერთადერთი გზა, კონკურსი არსებობს. თუმცა, აქაც არის პრობლემა, რადგან მათ კონკურსის გავლა უწევთ, რადგან "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილების შედეგად, გამოსაცდელი, სამწლიანი ვადა მათაც ეხებათ. მაგრამ პროფესიონალ და მოწადინებულ ადამიანს, რომელსაც სიმართლის მქმნელი და სამართლის დამდგენი უნდა იყოს, ამ ბატალიების გავლისაც არ უნდა შეეშინდეს. გეთანხმებით იმაშიც, რომ კონკურსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაჭიანურდა, რასაც ჩემმა დანიშვნამაც შეუწყო ხელი, თუმცა, დარჩენილია ბოლო ეტაპი და ამით მოსამართლეთა ნაკლებობის პრობლემაც, რომელიც ყველაზე საგრძნობი პირველი ინსტანციის სასამართლოშია, მოიხსნება. ბუნებრივია, მომავალშიც იგეგმება კონკურსის გამოცხადება, დაახლოებით სექტემბრისთვის უფრო მეტი ვაკანსია იქნება სასამართლოში, 10-წლიანი სამოსამართლო ვადის გასვლის გამო, კონკურსი ისევ ჩატარდება. პროცედურები რთულია და ასეც უნდა იყოს, რადგან საპასუხისმგებლოა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა რეზერვში მყოფი მოსამართლეებისთვის და იმ პირებისთვის, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უკანონოდ გაუშვეს სასამართლოს ხელისუფლებიდან უფლებამოსილების გასვლამდე ან გასვლის შემთხვევაშიც, მხოლოდ კონკურსში მონაწილეობის წესით შეიძლება დაკმაყოფილდნენ", _ აღნიშნავს გვენეტაძე. რაც შეეხება სამწლიანი გამოსაცდელი ვადით მოსამართლეების დანიშვნას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ "ეს ვარიანტი ცდად ღირს".