მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 2014 წლის 15 ივნისიდან 2015 წლის 17 თებერვლის ჩათვლით, სატელეფონო ხარჯებისთვის 5 972 ლარი დაიხარჯა, ხოლო მივლინებებისთვის 795 ლარი.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ საკრებულოს წარმომადგენლების დედაქალაქში ვიზიტი, დღების ერთნაირი რაოდენობით, სხვადასხვა რაოდენობის თანხით განისაზღვრა.
მაგალითად, თუ საკრებულოს აპარატის უფროსისი მოადგილეს ამისთვის სამივლინებო თანხად 45 ლარი გამოეყო, საკრებულოს თავმჯდომარეს 15 ლარი ხვდა, ასევე 15 ლარი მისცეს კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად თბილისში წასულ საკრებულოს მთავარ სპეციალისტს.
უფრო კონკრეტულად კი საკრებულოს თითოეული თანამშრომლისთვის გაწეული სამივლინებო ხარჯი და მივლინების დანიშნულება ასე გამოიყურება: საკრებულოს თავმჯდომარის ალექსი გაბისონია ზემოთ მოცემული 8 თვის განმავლობაში მივლინებაში 4-ჯერ იმყოფებოდა.
მივლინების დანიშნულების გრაფაში, სამგან ტრენინგია მითითებული. ტრენინგისთვის, რომელიც ბაკურიანში ჩატარდა და 3 დღეს გასტანა, 45 ლარია გამოყო. ტრენინგისთვის ქობულეთში კი, რომელმაც 2 დღეს გასტანა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ თემებს შეეხებოდა, მივლინებისთვის 30 ლარი გამოიყო.
საკრებულოს თავმჯდომარე 2 დღით იმყოფებო თბილისში, რისთვისაც მას 60 ლარი გამოეყო. რაც შეეხება დანიშნულების გრაფას, აქ მითითებული – ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია.
ასევე თბილისში ერთ დღიანი ვიზიტისთვის მას 15 ლარი გამოეყო. დანიშნულების გრაფაში კი ვკითხულობთ – საქართველოს საგუნდი საზოგადოება.
საკრებულოს თავმჯდომარისგან განსხვავებით, თბილისში ერთ დღიანი მივლინებისთვის, მის მოადგილე ედემი ბასილაიას, 45 ლარი გამოეყო. ის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე იმყოფებოდა.
ამავე უწყების მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე იმყოფებოდა საკრებულოს აპარატის უფროსი გურამ წოწორიაც. მისი მივლინებაც ერთ დღიანი იყო, სამივლინებო თანხად კი მასალაც 45 ლარი გამოეყო.
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ირინა გადელია – თბილისში ორდღიანი მივლინებისთვის მას 60 ლარი გამოეყო. დანიშნულების გრაფაში კი მითითებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია. ამავე დანიშნულებით იმყოფებოდა დედაქალაქში ზურაბ მელიავაც და მისთვის გამოყოფილი სამივლინებო თანხაც 2 დღისთვის, 60 ლარს შეადგენს.
ირინა გადელია ოდნავ მოგვიანებით კიდევ ერთხლელ იმყოფებოდა თბილისში 2 დღით და მას სამივლინებო თანხად ისევ 60 ლარი გამოეყო. დანიშნულების გრაფაში კი ვკითხულობთ – მუნიციპალური განვითარების უზრუნველმყოფთ ასოციაცია.
გადელიასთვის, ფოთში, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ ტრენინგზე დასასწრებად, რომელმაც 2 დღეს გასტანა, 30 ლარია გამოყოფილი.
ამავე ტრენინგზე იმყოფებოდა საკრებულოს წევრი ეკატერინე ჩიხლაძეც და მისთვისაც 30 ლარია გამოყოფილი.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ქაჯაიასთვის, სენაკში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებული 2 დღიანი ტრენინგისთვის, სამივლინებო თანხად 30 ლარია გამოყოფილი.
ამავე დანიშნულებით, 2 დღიან ტრენინგზე იმყოფებოდა სენაკში რამაზი ხურცილავა, დავით ბარამია, ნუგზარ მონიავა, გრიგოლ გვილავა, გურამ წოწორია და ზურაბ მელიავა. მათაც სამივლინებო თანხად 30 ლარი გამოეყოთ.
საკრებულოს მთავარი სპეციალისტი ლევან ლაშხია, თბილისში კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად 1 დღით იმყოფებოდა. სამივლინებო თანხად კი 15 ლარია გამოყოფილი.
საკრებულოს აპარატის უფროსი, გურამ წოწორია და მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში ანდრო კეკელია ზუგდიდში იმყოფებოდნენ 1 დღით. მათთვის სამივლინებო თანხად 15-15 ლარია გამოყოფილი. დანიშნულების გრაფაში კი ვკითხულობთ – სამხარეო ადმინისტრაცია.
მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში ანდრო კეკელია, სხვადასხვა დროს იმყოფებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ ტრენინგზე – ქობულეთში 2 დღით, რისთვისაც მას 30 ლარი გამოეყო, იმყოფებოდა სენაკში 1 დღით 2ჯერ, რისთვისაც 15-15 ლარი გამოეყო, დანიშნულების გრაფაში კი მითითებულია – რაიონული სასამართლო.