"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რაც კოოპერაციული შიდა საწარმოო ურთიერთობების მოწესრიგებას, კოოპერატივების გაძლიერებასა და მდგრადობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, ცვლილებების მიზანი კოოპერატივის შიდა საწარმოო ურთიერთობების მოწესრიგებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამართული მოდელის შექმნაა, რომელიც მიმართული იქნება წევრთა შრომითი რესურსების კაპიტალიზაციის გააქტიურებაზე.
გარდა ამისა, ცვლილებები მიზნად ისახავს აგრო-კოოპერატივების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების ადმინისტირების მოქნილი მექანიზმის შესაქმნელად სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე სუბიექტებზე გრანტის გაცემის უფლებოსილების მინიჭებას.
კანონპროექტი ემსახურება წევრთა რეესტრის წარმოების ერთიანი სტანდარტის დანერგვას და მასთან დაკავშირებული რისკების მაქსიმალურად დაზღვევას.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის პრეზენტაცია ხვალ იგეგმება.
განხილვაში მონაწილეობას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ევროკავშირის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ.
კოოპერაცია აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ხელს უწყობს, ფერმერული მეურნეობების გამსხვილებას, ადგილობრივი პროდუქციის წახალისებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოებას.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასოფლო-სამეურნეო ოპერატივების განვითარების სააგენტო, "სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის" (ENPARD) განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციები – Oxfam, People in Need, Care International, Mercy Corbs, UNDP, ასევე გაერო სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ევროკავშირის ატაშე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის – ხუანეჩანოვე.
კანონპროექტის ავტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.