სტამბულში, მესამე დღეა მდგომარეობა დაძაბულია. თურქული პოლიცია იმ ქალბატონის ვინაობის დადგენას ცდილობს, რომელიც სტამბულის უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილეობდა და ადგილზე მოკლეს.
ცნობისთვის, უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შეღწევას გუშინ ორი შეიარაღებული პირი შეეცადა. მათ შორის ერთ-ერთი ქალი იყო.
მათ შენობის დაცვას ცეცხლი გაუხსნეს და ორი პოლიციელი დაჭრეს. ატეხილ ორმხრივ სროლაში ქალბატონი მოკლეს. მისი თანმხლები მამაკაცი, რომელიც დაჭრილი იყო, გაქცევას შეეცადა, თუმცა, დააკავეს.
მოკლულ ქალბატონს ტანზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩნდა მიმაგრებული.
სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მოკლული, შესაძლოა, იანვარში ტაქსიმის მოედანზე პოლიციის მანქანის დაცხრილვაში მონაწილეობდა, რომლის გამოძიების პროცესში 13 ადამიანია დაკავებული.
ამ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, საქალაქო სასამართლოს შენობაში ექსტრემისტებმა მძევლად პროკურორი აიყვანეს. მის გასათავისუფლებლად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ორი თავდამსხმელი პოლიციელებმა მოკლეს, პროკურორი კი მიყენებული ჭრილობების შედეგად იმავე დღესვე გარდაიცვალა.
ამ თავდასხმების შემდეგ მთავრობა სტამბულში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას გეგმავს.
გარდაცვლილი პროკურორი სელიმ ქირაზი 2013 წელს ტაქსიმის მოედანზე საპროტესტო აქციების დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 14 წლის ბელქინ ელვანის საქმეს იძიებდა, რომელსაც ნასროლი ხელყუმბარა თავში მოხვდა და გარდაიცვალა.