საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე ვიტალი ბორტა დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2015 წლის 31 მარტსა და 01 აპრილს, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე რამოდენიმე ბანკომატზე დაამონტაჟა პლასტიკური ბარათების მონაცემთა უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობა – ე.წ. "სკიმერი" და მოქალაქეების მიერ ბანკომატით სარგებლობისთვის გამოყენებული პაროლის დასაფიქსირებელი ვიდეო-აუდიო სათვალთვალო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შემდგომში თანხების მითვისების მიზნით, უკანონოდ მოიპოვა საბანკო პლასტიკური ბარათების ელექტრომაგნიტურ ზოლზე დატანილი პერსონალური მონაცემები, უნიკალური კოდი და ბარათის სარგებლობისათვის საჭირო პაროლი.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილით და 285-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 6 წლამდე ვადით.