საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადება
ვეხმაურებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიმართვას საქართველოს მთავრობისადმი, მსოფლიო მნიშვნელობის "ლაილაშის" ბიბლიის ხელნაწერთა ცენტრიდან სხვა სამუზეუმო დაწესებულებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.
ხაზგასმით ვაცხადებთ, ხელნაწერი მემკვიდრეობის დაცვა-შენახვა და მისი პოპულარიზაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ხელისუფლების მიზანია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალური კოლექციის ერთიანობის დაცვა და გაფრთხილება და არა მისი ხელყოფა. აქედან გამომდინარე, "ლაილაშის" ბიბლიის უნიკალური ექსპონატის გადაცემის საკითხი არ დგას და არ დადგება დღის წესრიგში. შესაბამისად, კოლექციის მთლიანობას საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განვითარებასა და გაფართოებაზე ზრუნვა– მოწესრიგდა არქივი, ამოქმედდა წლების განმავლობაში მწყობრიდან გამოსული კლიმატკონტროლის სისტემა, გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები, 2015 წლიდან კი ხელნაწერთა ცენტრის ახალი შენობის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი, რომლის პროექტირებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.