ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღებაზე მოსამართლის გადაწყვეტილებით დაინტერესდეს:
_ აღმაშფოთებელია, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა არის დაყადაღებული. 4500 ლარის დავალიანების გამო 120 მილიონი დოლარის საწარმო არის დაყადაღებული. ეს არის კატასტროფა, ეს არის პირდაპირ დივერსია. ამ საწარმოში არის დასაქმებული 2500 ადგილობრივი მოსახლე. მინდა მივმართო იმ ადამიანს, ვინც ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი, დივერსიული გადაწყვეტილება მიიღო. მას მოუწევს, პასუხი აგოს 2 500 ოჯახის წინაშე და იმედი მაქვს, რომ სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაინტერესდება ამ საქმით. მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, აუცილებლად უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და განმარტოს, რატომ იღებს ასეთ დივერსიულ გადაწყვეტილებებს. თუ არსებობს კანონდარღვევა, გთხოვთ გამოიძიოთ. არსებობს შესაბამისი ორგანოები, მათ შეუძლიათ გაარკვიონ, მაგრამ არა ისე, რომ 4 500 ლარის დავალიანების გამო მთელი ქარხანა გააჩერო, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ "ყველას მოეთხოვება პასუხი ერთი სავარაუდოდ უკანონოდ მიღებულ გადაწყვეტილებაზე"
_ არ ვერევით და არც ერთი არ მისცემს თავს უფლებას, რომ ჩავერიოთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მაგრამ მივმართავ იმ ადამიანს, ვინც ეს უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს არის მარტივი საკითხი. თუ ამ ორგანიზაციას აქვს დავალიანება, მას მარტივადაც შეუძლია გადაიხადოს. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და ყველას მოვუწოდებ, რომ გააკეთონ მკაცრი რეაგირება. არც ერთი მოხელე, არც პრემიერ-მინისტრი, არც მოსამართლე, არც პრეზიდენტი არ დგას კანონზე მაღლა. ეს ყველას უნდა ახსოვდეს კარგად და ყველას მოეთხოვება პასუხი ერთი სავარაუდოდ უკანონოდ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოყვა გამოხმაურებები. სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ნინი გვენეტაძემ ამ განცხადებაზე ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს:
_ ეს 2500 ოჯახი პასუხის მოსათხოვად რომ მიადგეს იმ მოსამართლეს როგორ ფიქრობთ რა მოხდება ან ირაკლი ღარიბაშვილი იქნება შედეგებზე პასუხისმგებელი?
ეს არის გამოწვევა ნინო გვენეტაძისთვის – ამ უხეშ განცხადებაზე ადექვატური რეაქცია განაპირობებს მის ავტორიტეტს, ნდობას და გავლენას პირველ რიგში მოსამართლეთა კორპუსში.
ეს არის გიორგი მარგველაშვილისთვის პასუხის გაცემის, ინსტიტუციური დამცირება-დისკრედიტაციის მცდელობა – როგორც სახელმწიფოს მეთაურისათვის და ნინო გვენეტაძის წარმდგენისთვის.
ეს არის მორიგი საჯარო რეაქციის ვალდებულების საფუძველი ბიძინა ივანიშვილისთვის – თანამდებობაზე ყოფნის დროს სასამართლოს თავდასხმებისაგან არაერთხელ დამცველის და ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტდამკვალიანებლისათვის, იმედია ადექვატური რეაქცია არ დააყოვნებს.
ეს არის საფრთხე სახელმწიფოებრიობისათვისა და დემოკრატიისათვის, კიდევ ერთი ნაბიჯი დეინსტიტუტიონალიზაციის უფსკრულისაკენ.
ეს არის საფუძველი საგამოძიებო ორგანოებისათვის და პარლამენტისთვის (საგამოძიებო კომისია, იმპიჩმენტი) რათა იმსჯელონ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევაზე და პასუხისმგებლობაზე!
არ უნდა დავივიწყოთ – პრეცედენტები ქმნის ტრადიციას!
აი რას ამბობს კონსტიტუცია: არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. – მუხლი 84.3
მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით. – მუხლი 84.1; სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. – მუხლი 82.2., _ აღნიშნავს ალაფიშვილი.