შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას ინფორმაციით, თბილისსა და ბორჯომში პოლიციელებს ვინმე შალვა აბულაძემ ესროლა.
"მადლობა, რომ ასეთი დიდი ინტერესია ამ ფაქტისადმი. ეს დიდი თანადგომაა ჩვენი უწყებისა და მარგიშვილის ოჯახის მიმართ.
გუშინ, დაახლოებით 9 საათისთვის, პოლიციელებმა პიროვნებას, მისი ვინაობის დადგენის მიზნით, საბუთები მოსთხოვეს. ამ პიროვნებამ დაუყოვნებლივ, სრულიად მოულოდნელად მოახდინა გასროლა პოლიციელების მისამართით.
მთელი სამინისტრო, მინისტრის ჩათვლით მობილიზებული იყო და ჩატარდა სამძებრო სამუშაოები. დღეს, დილის 6 საათზე იგივე პიროვნება რომელიც გადაადგილდებოდა შენიღბული ფორმით, შეჩერებული იქნა პოლიციელების მხრიდან. აქ უკვე ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას, თუმცა, შეძლო და მიიმალა.
ნივთმტკიცებები იქნა ამოღებული და ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, ვინ არის ეს პიროვნება. ეს არის პიროვნება, რომელიც იძებნებოდა ბორჯომში, სადაც თითქმის ანალოგიურ ფაქტს ჰქონდა ადგილი. სამივე შემთხვევა და ამ შემთხვევებიდან ამოღებული მასრები და ექსპერტიზა ცალსახად ადასტურებს, რომ ერთი იარაღიდან მოხდა გასროლა", _ განაცხადა იზორიამ "იმედის კვირაში" საუბრისას.
იზორიას თქმით, საქმე გვაქვს სერიოზულ დამნაშავესთან, პროფესიონალთან, რომელიც ასკეტურ ცხოვრებასაც კი ეწევა და მისი ადგილსამყოფელის დადგენა რთულია.