საჯარო ლექცია თემაზე გენდერული თანასწორობა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება" ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯ "ჰორიზონტში" გაიმართა.
კოლეჯის სტუდენტების ინფორმირების მიზნით, ლექცია-დისკუსიაში ადგილობრივი თვითმმართველობის და პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენელი ქალბატონები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრის და ჟურნალისტ გიორგი გირკელიძის ორგანიზებით მოეწყო, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი აქტუალური, პრობლემად ქცეული საკითხები, როგორიცაა: ქალებზე ძალადობა, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა და მათი როლის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობაში, ქალთა რაოდენობის ზრდის მიზნით იგეგმება.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწემ გენდერულ საკითხებში, ნია მექვაბიშვილმა აღნიშნა, ამ კუთხით, მუნიციპალიტეტი საჯარო სკოლებში უახლოეს მომავალში საინტერესო პროექტს განახორციელებს.
"საუბარია ქალების მხარდაჭერაზე ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვების თვალსაზრისით, იმიტომ რომ სოფლად, რეგიონებში ქალებს ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიმართულებით სერიოზული პრობლემა აქვთ, ამიტომ ვიწყებთ პროექტს, რომლის მიზანია, ახალგაზრდა თაობის გენდერის საკითხებზე ინფორმირება, მათი მოტივირება, რათა აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის გატარებასა და მონიტორინგში", _ თქვა მექვაბიშვილმა.
შეხვედრა პროექტის _ "ერთად გენდერული თანასწორობისთვის" _ ფარგლებში გაიმართა. პროექტს "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია "ჟურნალისტთა ქსელი გენდრული თანასწორობისთვის" ახორციელებს.